ოთხი რჩევა ფინანსური სტაბილურობისთვის - ნოა ვებსტერის მიხედვით
კეთილდღეობის უტყუარი რეცეპტი არ არსებობს. თუმცა სწორი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები კეთილდღეობის მიღწევაში ნამდვილად გვეხმარება.
ბოლოდროინდელი ინფლაციის, ფასების ზრდის, საბანკო კოლაფსის ფონზე, ბევრი ჩვენგანი შეშფოთებით ამოწმებს თავის საფულეს და თავს იმტვრევს, რა უნდა იღონოს, როდესაც ფინანსური კრიზისი უცილობლად დაგვარტყამს. ჩვენი საპენსიო ფონდით ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მოგვეცემა, თუ რამდენიმე თვეში სრულად გავღატაკდებით?
შეიძლება პოტენციური გაკოტრებისგან თავი სრულად ვერ დავიზღვიოთ, მაგრამ მისგან თავის დაცვის საშუალებები ნამდვილად არსებობს. ერთ-ერთ ასეთ საშუალებას ამერიკელი მოღვაწის, ნოა ვებსტერის, „ამერიკული მართლწერის წიგნი“ გვთავაზობს. ქვეთავში სახელწოდებით: „შიდა ეკონომიკა ანუ ხელმომჭირნისა და ხელგაშლილის ამბავი“, ვებსტერი (1758-1843) გვიამბობს ორი კაცის შესახებ, რომელთაგან ერთი ფინანსურად წარმატებულია, მეორე კი - მარცხიანი.
მაგრამ მათ ფინანსურ მომგებიანობასა თუ ზარალიანობას არ განაპირობებს საფონდო ბირჟაზე იღბალი ან განსაკუთრებული ნიჭი. არა, მათ ფინანსურ ალღოს განსაზღვრავს მათ მიერ მიღებული ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ვებსტერი ასკვნის, რომ მატერიალური სიმდიდრის ძიება ადამიანის პიროვნული მახასიათებლებით იწყება.
1. ვინც დილას ადრე ადგება, საშოვარს შეხვდებაო
სიმდიდრისკენ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი დამოკიდებულია ადამიანის ურთიერთობაზე თავის მაღვიძარასთან, ამბობს ვებსტერი. ხელმომჭირნე კაცი გარიჟრაჟზე დგება და ადრე იწყებს დღეს. თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ იგი უარს ამბობს სანთლის ბოლომდე ჩაწვაზე და დასაძინებლად გონივრულ დროს მიდის.
ხელგაშლილი კაცი, პირიქით, არ არის დილის ადამიანი და დღეს აუჩქარებლად იწყებს, რაც საბოლოოდ მეტ სტრესს და შფოთვას განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ვებსტერი ამას მკაფიოდ არ ამბობს, ხელგაშლილის გაფაციცებული ბუნება, ადამიანისა, რომელიც ვერასდროს ვერაფერს ასწრებს, იმას მოასწავებს, რომ საათი საღამოს 10-ს რომ ჩამოჰკრავს, დაძინებამდე ჯერ კიდევ შორი იქნება.
2. სულელი ჯიბეში ფულს ვერ გაიჩერებსო
როდესაც ხელგაშლილი ბოლოს და ბოლოს შეელევა დილით საწოლს, ის მაშინვე სამუშაოს კი არ მიაშურებს, არამედ ბარში ამოჰყოფს თავს ან შინ დაისხამს სასმელს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სასმელმა გაამხნევოს და იმ დღის სამუშაოსთვის შეამზადოს, რისი იმედიც მას, სავარაუდოდ, აქვს, გვიხსნის ვებსტერი, ალკოჰოლი მას მგრძნობელობას უჩლუნგებს და უყაირათობისკენ უბიძგებს.
ამის საპირისპიროდ, ვებსტერი აღწერს ხელმომჭირნეს, როგორც ადამიანს, რომელიც „ხშირად არ სტუმრობს ტავერნებს“, და ის „მთელ თავის ჯამაგირს სასმელზე არ ხარჯავს, რაც მას არაფერს არგებდა“.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს გაფრთხილება ვებსტერისგან მხოლოდ ალკოჰოლს არ ეხება. მისი ძირითადი არსი ისაა, რომ ხელმომჭირნე ადამიანი ყურადღებას აქცევს, სად მიდის მისი ოფლით ნაშოვნი ფული და ზრუნავს იმაზე, რომ ხელფასს ყოველთვის ისეთ რამეზე არ ხარჯავდეს, რაც დიდხანს არ გასტანს, ან რაც ხელს შეუშლის მის უნარს, რომ კონკურენტული იყოს სამუშაო გარემოში.
3. საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე დაიხურეო
როდესაც ფლანგვას ვახსენებთ, თვალწინ ხშირად გვიდგება ფუჭად გახარჯული ისეთი ნივთები, როგორიცაა, ვთქვათ, მორჩენილი საკვები. მაგრამ ვებსტერის მიხედვით, ხელმომჭირნე ადამიანი ფრთხილობს, რომ არ გაფლანგოს თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი: დრო.
ეს განსაკუთრებით ეხება იმას, თუ როგორ უდგება ხელმომჭირნე თავის ყოველდღიურ საქმეს. „სამუშაო ადგილზე“, - წერს ვებსტერი, - „ის თავაუღებლად ირჯება, თუმცა არც იმდენად, რომ გადაიღალოს და გამოიფიტოს.“ ამასთანავე, ის არ ხარჯავს დროს სამუშაო ადგილზე ლაყბობით, ამბების მოყოლით და სხვების მოსასმენად წყლის დისპენსერთან შეყოვნებით.
ხელგაშლილს კი დრო გამუდმებით უსხლტება. იგი მუდმივად ჩამორჩება, მაგრამ თავი მაინც საქმიანად უჭირავს და ცდილობს ყველაფერი მოასწროს. „ახლა ის ძალიან ჩქარობს,“ - წერს ვებსტერი, - „ის ფუსფუსებს, რომ სამსახურისთვის მოემზადოს, მაგრამ სიჩქარეში გაკეთებული ხომ არაფერი ვარგა, ის დღის მნიშვნელოვან ნაწილს სამუშაოსთვის სამზადისში ხარჯავს.“
სამწუხაროდ მხოლოდ მისი დრო არ იფლანგება. ვებსტერი აღნიშნავს, რომ მისი ფუჭად გახარჯული დროის კიდევ ერთი უარყოფითი ეფექტი ისაა, რომ მათაც აცდენს, ვინც მისთვის მუშაობს, რაც დიდი ალბათობით, საბოლოო ჯამში, ბიზნესს მეტ მოგებას აკარგვინებს.
4. უშრომველად არაფერი მოვა
ხელმომჭირნე კაცისთვის შორსმჭვრეტელობას და მართვის კარგ უნარებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფულადი სარგებლის მისაღებად. ის წარბშეუხრელად იღებს გადასახდელ ქვითრებს და დაუყოვნებლივ ასწორებს ანგარიშს. ამით ის თავიდან იცილებს ჯარიმებს გადახდის დაგვიანების შემთხვევაში და მის დანაზოგს არაფერი აკლდება.
ის ასევე უფრთხილდება თავის საკუთრებას: „ამოწმებს ყელა იარაღს, რათა დარწმუნდეს, რომ გამოსაყენებლად ვარგისია,“ თვალი უჭირავს „სახლის, ბეღლის, მიწის ნაკვეთის და საქონლის მდგომარეობაზე“. ამით ის თავიდან იცილებს პანიკას და დროის დაკარგვას, რაც ხელგაშლილს ხშირად სჩვევია, ვინაიდან ეს უკანასკნელი ხშირად აღმოჩნდება კოშმარულ სცენარში, საიდანაც შეუძლებელია თავის დაღწევა:
„როდესაც ის გადაწყვეტს, რომ მზად არის სამუშაო დღის დასაწყებად, აღმოაჩენს, რომ არ აქვს საჭირო იარაღები, ან ზოგი მათგანი მწყობრიდან არის გამოსული, სახნისი ნახევარი მილის მოშორებით მჭედელთან არის გასაგზავნი შესაკეთებლად, ფოცხს კბილები აკლია ან თოხის სახელური გატეხილია, ან ცელი ან ცული გასალესია.“
საბოლოო შედეგი
დროთა განმავლობაში აგური აგურს ედება და ხელმომჭირნე მდიდრდება, ხდება მომგებიანი მამულის - „შვიდასი აკრი მიწის და შვიდასი სული საქონლის“ მფლობელი. მაგრამ ხელგაშლილი მუდმივად დანაკარგს განიცდის თავისი არასწორი გადაწყვეტილებების გამო „და დარჩენილ წლებს გულგატეხილი, გაუბედურებული და გაღატაკებული ატარებს“.
სხვაობა ამ ორ ადამიანს შორის, წერს ვებსტერი, ისაა, რომ „ერთი კაცი თავისი ფულის მხოლოდ პროცენტს ხარჯავს, მეორე კი - თავისი ფულის ძირითად თანხას.“
საკითხავია, შენ რომელი ხარ?
უნდა ვაღიარო, რომ მართალია, ბევრი ფულის კარგ განმკარგველად მიცნობს, ხელმომჭირნისა და ხელგაშლილის მაგალითის შემდეგ საკუთარ თავს ამ უკანასკნელის ადგილზე უფრო ხშირად ვხედავ. რის გამოც მიჩნდება კითხვა: პოტენციური ეკონომიკური დაღმავლობის პირობებში, ჩვენ ხომ არ შეგვეძლო ფინანსურად იმაზე უფრო წელში გამართულები ვყოფილიყავით, ვიდრე თავი დავაჯერეთ?
ყველაფერი მაინც იქამდე დაიყვანება, გვაქვს თუ არა ნებისყოფა, უფრო სწორედ, მიზანდასახულობა, რომ ცხოვრებას ისე მივუდგეთ, როგორც ამას ხელმომჭირნე აკეთებს.
სტატია ეკუთვნის ენი ჰოლმკვისტი და ეკონომიკური განათლების ფონდს, შემოქმედებითი ნამუშევრის 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის საფუძველზე. ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.