Skip to content
Home
Home
Who we are
What we do
Get the book

ვაჭრობის გზით დოვლათის შექმნის ორი გზა

ართ კარდენის

ჩვენ იმდენად ხშირად ვვაჭრობთ, რომ აღარც კი ვფიქრობთ ამაზე. ეს უბრალოდ რუტინაა და, რა თქმა უნდა, ამ სტატიას თუ კითხულობთ, შესაძლოა ვერც წარმოიდგენთ სამყაროს, სადაც არ გაქვთ ჯიბის სუპერკომპიუტერი, რომლის გამოყენებით შეგიძლიათ იყიდოთ ფაქტობრივად ყველაფერი, რასაც მოისურვებთ და რამდენიმე დღეში შენაძენი სახლში მიიღოთ.

ვაჭრობა ქმნის დოვლათს. გაიხსენეთ, რომ ყველაფერი, რაც ადამიანებისთვის ღირებულია, დოვლათს წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დოვლათი ახალი ნივთების შეუქმნელად. უბრალოდ ძველი ნივთების ახალ ხელში გადაცემით.

ალბათ, გსმენიათ გამონათქვამი: „ერთი ადამიანის ნაგავი, სხვისთვის საგანძურია“? ვაჭრობის გზით ნაგავი საგანძურად გარდაიქმნება, როდესაც ის ერთი ადამიანისგან მეორესთან გადადის.

მოდით ამას ამ კუთხით შევხედოთ: ოდესმე შეგიძენიათ სასურველი ნივთი სარფიანად ძველმანების მაღაზიაში? 2017 წლის შემოდგომის სემესტრის მაკროეკონომიკის გამოცდის წინა საღამოს ძველმანების მაღაზიას ჩემს მეუღლესთან ერთად ვესტუმრე და შევიძინე Birmingham Barracudas 1995 წლის ვინტაჟური მაისური. გასაკვირი არ არის, თუ არ იცით ვინ იყვნენ Barracudas. ეს იყო ბირმინგემის გუნდი, რომელიც 1990-იან წლებში მონაწილეობდა კანადის საფეხბურთო ლიგის საზღვრის სამხრეთით გამართულ ბედნავს თამაშებში. მათ ერთ სეზონზე მეტ ხანს ვერ გაატანეს. მაისურში მგონი 2 დოლარი გადავიხადე, თუმცა 5 დოლარსაც სიამოვნებით გავიღებდი. ჩვენ ახალი ტანსაცმელი არ შეგვიძენია, თუმცა Barracudas მაისურის ყიდვით გაიზარდა საზოგადოებრივი დოვლათი.

მთავარია, რომ ვიღაცამ ამ გარიგებაში ფული აიღო. ძველმანების მაღაზიები ოდნავ განსხვავებულია, რადგან ისინი მეტწილად არაკომერციულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, თუმცა ადამიანებმა ამ მაღაზიაში შექმნეს დოვლათი იმით, რომ მათ ჰქონდათ ის, რაც მე მინდოდა მაშინ, როცა მინდოდა. შემოსავალი, რომელიც მაღაზიის მენეჯერებმა და თანამშრომლებმა მიიღეს, არის დოვლათის შექმნაში მათი მონაწილეობის შედეგი. ნივთის გადაცემა იმ ადამიანისგან, ვინც მას ნაკლებად აფასებს ადამიანისთვის, ვისთვისაც ეს ნივთი მეტად ღირებულია ვაჭრობის გზით დოვლათის შექმნის მნიშვნელოვანი გზაა.

გთავაზობთ შედარებით მარტივ მაგალითს, რომელიც გვიჩვენებს ვაჭრობის გზით დოვლათის შექმნის კიდევ ერთ გზას და განგვიმარტავს, რაში სჭირდება მასიურ ჯეისონ მომოას პირადი დაცვა. ავიღოთ ორი ადამიანი - ჰანი და ლანდო. ისინი ორ პროდუქტს აწარმოებენ: ვაშლს და ფორთოხალს. ჰანი წელიწადში აწარმოებს 100,000 ვაშლს ან 50,000 ფორთოხალს. ლანდოს შეუძლია აწარმოოს 200,000 ვაშლი ან 400,000 ფორთოხალი. ამ მაგალითში მნიშვნელოვანი სიტყვაა „ან“. ეს არ არის „და“. თუ ჰანი გადაწყვეტს აწარმოოს უფრო მეტი ვაშლი, მას მოუწევს ნაკლები ფორთოხლის წარმოება და პირიქით. იგივე ვითარებაა ლანდოსთანაც.

ლანდო ძალზე ნიჭიერი ფერმერია. მას ჰანზე მეტი ვაშლის წარმოება შეუძლია. ასევე შეძლებდა ეწარმოებინა ჰანზე მეტი ფორთოხალიც. როგორც ეკონომისტები იტყოდნენ, ლანდოს აქვს აბსოლუტური უპირატესობა ვაშლში (შეუძლია მეტი აწარმოოს წელიწადში) და აბსოლუტური უპირატესობა ფორთოხალში (შეუძლია მეტი აწარმოოს წელიწადში).

საჯარო კომენტატორები ამ საკითხს, როგორც წესი, ამაზე ღრმად აღარ განიხილავენ. ჰანთან ვაჭრობით ლანდო ვერაფერს შეიძენს, რადგან მას აქვს აბსოლუტური უპირატესობა ვაშლშიც და ფორთოხალშიც. თუ იარსებებდა მაღალპროდუქტიული ლანდოების საზოგადოება და კიდევ ერთი, დაბალპროდუქტიული ჰანების საზოგადოება, საჯარო კომენტატორები დაასკვნიდნენ, რომ ჰანები ლანდოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

თუმცა ეს ასე არ არის. ის, რასაც ახლა აღმოაჩენთ, მსოფლმხედველობას შეგიცვლით, რაც მე თითქმის ყოველდღე მემართება.

მოდით, ვნახოთ, რა უჯდება ლანდოს ვაშლის და ფორთოხლის წარმოება და იგივე შევამოწმოთ ჰანთანაც.

იმისათვის, რომ საკითხი ძირისძირობამდე შევისწავლოთ, უნდა გამოვითვალოთ ალტერნატიული ღირებულება. ის გულისხმობს იმას, თუ რა დაგიჯდებათ გადაწყვეტილება, გააკეთოთ ერთი რაღაცა და უარი თქვათ მეორეზე. ჩვენს მაგალითში ვაშლის ალტერნატიულ ღირებულებას წარმოადგენს ფორთოხალი, ხოლო ფორთოხლისას - ვაშლი. რადგან ჩვენ უკვე გვაქვს ჰანის და ლანდოს საწარმოო შესაძლებლობების მაჩვენებლები, ეს საკითხი შეგვიძლია მეტად ზუსტად განვსაზღვროთ.

ალტერნატიული ღირებულება არის ის, რასაც ვთმობთ იმისათვის, რომ რამე სხვა მივიღოთ. ჰანის მიერ ფორთოხლის მოყვანის ალტერნატიული ღირებულების განსასაზღვრად, ჩვენ უნდა გავყოთ იმ ვაშლის რაოდენობა, რომელსაც ის დათმობს, იმ ფორთოხლის რაოდენობაზე, რომელსაც ის მიიღებს. ის თმობს 100,000 ვაშლს 50,000 ფორთოხლის მისაღებად. შესაბამისად ერთი ფორთოხალი ჰანს ორი ვაშლი უღირს. ჰანის მიერ ვაშლის მოყვანის ალტერნატიული ღირებულებაც იგივე ფორმით იანგარიშება. 50,000 ფორთოხალი, რომელსაც ის დათმობს, უნდა გავყოთ 100,000 ვაშლზე, რომელსაც ის მიიღებს. ეს გვიჩვენებს, რომ ჰანის მიერ ვაშლის წარმოების ალტერნატიული ღირებულება ნახევარი ფორთოხალია.

იგივე შეგვიძლია ვიანგარიშოთ ლანდოსთვისაც. ის თმობს 400,000 ფორთოხალს 200,000 ვაშლისთვის, შესაბამისად თითოეული ვაშლი მას ორი ფორთოხალი უჯდება. ის თმობს 200,000 ვაშლს 400,000 ფორთოხლის მისაღებად. ე.ი. ლანდოს ერთი ფორთოხლის ღირებულება ნახევარი ვაშლია.

ახლა ორივეს ალტერნატიული ღირებულება ვიცით და მოდით, შევადაროთ ერთმანეთს. ჰანის მიერ ფორთოხლის მოყვანის ალტერნატიული ღირებულებაა ორი ვაშლი. ლანდოს მიერ ფორთოხლის მოყვანის ალტერნატიული ღირებულება კი ნახევარი ვაშლია. ლანდოს უფრო დაბალი ფასი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს შედარებითი უპირატესობა ფორთოხლის მოყვანისას. ჰანის მიერ ვაშლის მოყვანის ალტერნატიული ღირებულება ნახევარ ფორთოხალს უტოლდება, მაშინ, როდესაც ლანდოს მიერ ვაშლის მოყვანის ალტერნატიული ღირებულება ორი ვაშლია. მოცემულ შემთხვევაში ჰანს ვაშლის მოყვანა უფრო იაფი უჯდება, შესაბამისად მას შედარებითი უპირატესობა აქვს ვაშლის მოყვანისას.

ვაჭრობაზე შეთანხმებით ჰანს და ლანდოს შეუძლიათ მეტი ვაშლი და ფორთოხალი მიიღონ, ვიდრე მარტო მუშაობით, ან მათ შეუძლიათ მიიღონ ვაშლის და ფორთოხლის მოცემული რაოდენობა უფრო ნაკლები ძალისხმევით, ვიდრე მოუწევდათ, მათ შორის ვაჭრობა რომ არ შემდგარიყო.

როდესაც ვიცით ალტერნატიული ღირებულებები, შეგვიძლია გავიანგარიშოთ სასურველი სავაჭრო ფასები. მოდით ჩავთვალოთ, რომ ჰანი არის ვაშლის (ფორთოხალზე) გამყიდველი და ლანდო ვაშლის (ფორთოხლით) მყიდველი.

დავუშვათ, რომ ლანდოს უნდა ვაშლი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის? მას შეუძლია თავად მოიყვანოს ვაშლი. ასეთ შემთხვევაში, მას ყოველი ვაშლის მოყვანა დაუჯდება ორი ფორთოხალი.

მას აქვს ალტერნატიული გამოსავალი, რომ მთელი თავისი დრო, ენერგია და ყურადღება მიმართოს ფორთოხლის მოყვანაზე და შემდეგ მოყვანილი ფორთოხლის ნაწილი გადაცვალოს ჰანის მიერ მოყვანილ ვაშლზე. თუ ის ჰანს დაითანხმებს ორ ფორთოხალზე ნაკლებ ფასად მიჰყიდოს ერთი ვაშლი, ის ვაშლებს იმაზე იაფად იშოვის, ვიდრე მისი მოყვანა დაუჯდებოდა.

მაგრამ ეს გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰანს სულაც არ სურს წაგებულ პოზიციაში ყოფნა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჰანი არ იქნება წაგებული, თუ ლანდო მას სათანადო ფასს შესთავაზებს.

და როგორია სათანადო ფასი? ჰანის ერთი ვაშლის ალტერნატიული ღირებულებაა ნახევარი ფორთოხალი. თუ ლანდო მას ერთ ვაშლში შესთავაზებს ნახევარ ფორთოხალზე მეტს, ჰანი ამ გარიგებაში მოგებას ნახავს. ვთქვათ, ლანდო შესთავაზებს ერთ ფორთოხალს ერთ ვაშლში. ჰანი ვაშლს ნახევარი ფორთოხლის ფასად აწარმოებს, შემდეგ კი ერთი ფორთოხლის ფასად ყიდის. მოცემულ ვითარებაში ჰანი ნახევარი ფორთოხლით უფრო მდიდარია.

მაგრამ რატომ უნდა ჰქონდეს ლანდოს სურვილი გააკეთოს ამ სახის შეთავაზება? ხომ გახსოვთ, რა უჯდება მას საკუთარი ვაშლის მოყვანა? ერთი ვაშლი უღირს ორი ფორთოხალი. თუ ამის ნაცვლად ის აწარმოებს ფორთოხალს და მიჰყიდის ჰანს ერთ ვაშლად, ის გააკეთებს ერთი ვაშლის ეკონომიას, ფორთოხლის მოყვანაში დახელოვნების და ვაშლზე გადაცვლის, და არა ვაშლის მოყვანის გზით.

ჰანს, ვაშლის მომყვანს, უფრო მეტი ვაშლი და ფორთოხალი აქვს თავისი ძალისხმევის წარმოსაჩენად, რადგან მას შეუძლია ლანდოსთან ვაჭრობა. ლანდოს, ვაშლის მყიდველს მეტი ვაშლი და ფორთოხალი აქვს თავისი ძალისხმევის წარმოსაჩენად, რადგან მას შეუძლია ჰანთან ვაჭრობა.

ამაში არ არის არანაირი ხრიკი, მანიპულაცია, ჩვენ არ გთავაზობთ ვაშლის მოყვანის ახალ იდუმალ ტექნოლოგიას და ან გენეტიკურ ცვლილებას. უბრალოდ მაგალითად მოგვყავს ორი ადამიანი, რომლებსაც ახლა ვაჭრობა შეუძლია და შესწევს უნარი ერთად უფრო მეტს მიაღწიოს, ვიდრე ცალ-ცალკე.

რა ფასზე შეთანხმდებიან ისინი? ვაშლის ნებისმიერი ფასი 0,5-დან და 2 ფორთოხლამდე ხელსაყრელი იქნება ორივე მათგანისთვის. კონკურენტულ ბაზარზე უამრავი მყიდველით და გამყიდველით, კონკურენცია თავად განსაზღვრავს ფასს.

ეს მაგალითი ოთხ მნიშვნელოვან პრინციპს წარმოაჩენს:

1. გამყიდველი კონკურენციას უწევს სხვა გამყიდველებს მყიდველებთან თანამშრომლობის პრივილეგიის მოსაპოვებლად: ჰანი კონკურენტულ ბრძოლაშია ყველა სხვა გამყიდველთან ლანდოს ბიზნესისთვის. ლანდოს მძლავრი უფლება აქვს: არას თქმის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰანს მოუწევს გაისარჯოს, თუ სურს, რომ ლანდომ შეიძინოს მისი ვაშლი.

2. მყიდველები კონკურენციას უწევენ სხვა მყიდველებს გამყიდველებთან თანამშრომლობის პრივილეგიის მოსაპოვებლად: ლანდო კონკურენტულ ბრძოლაშია ჰანის საქონლის ყველა სხვა მყიდველთან. თავისუფალ ბაზარზე ჰანს იგივე უფლება აქვს, რაც ლანდოს: არას თქმის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლანდოს მოუწევს გაისარჯოს, თუ ჰანის ვაშლის შეძენა სურს.

3. თუ უცხო ადამიანების სასიკეთოდ გაირჯებით, მათაც გამოიყენებთ თქვენს სასარგებლოდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ დაარწმუნებთ მათ იზრუნონ თქვენს ინტერესებზე მათ ინტერესებზე ზრუნვის გზით.

4. ბიზნესის შესახებ მიღებული გაკვეთილი: ადამიანები ღირებულებას ქმნიან რესურსების ნაკლებ ღირებული მოხმარებიდან მეტად ღირებულ მოხმარებაში გადანაცვლებით. მოცემულ შემთხვევაში ჰანი ღირებულებას ქმნის თავისი დროის მეტი ნაწილის ვაშლის მოყვანაზე დახარჯვით, ლანდო კი ღირებულებას ქმნის თავისი დროის მეტი ნაწილის ფორთოხლის წარმოებისკენ მიმართვით.

საბოლოოდ, ვაშლის ბაზარი წონასწორობას აღწევს და ეს მდგომარეობა შენარჩუნდება მანამ, სანამ მოვა ნოვატორი და შეარყევს ვაშლის დახლს.

ეს სტატია მოწოდებულია ართ კარდენის და ამერიკის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის შემოქმედებითი ნამუშევრის 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის საფუძველზე. ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

სტატიის გაზიარება