Skip to content
Home
Home
Who we are
What we do
Get the book

ხავერდის ფარდები და მიზესის სიბრძნე

კიმბერლი ჯოსეფსონის

ეკონომიკური პრინციპები ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. მთავარია, მათი ამოცნობა ვისწავლოთ.

ჩემი ყველაზე კარგი შენაძენი ვარდისფერი ხავერდის ფარდაა. 2003 წელს ინგლისში ვსწავლობდი. ხელმოკლედ ვიყავი და უცხო ქვეყანაში ცხოვრებისთვისაც მოუმზადებელი. დიდ ბრიტანეთში ისე ჩავედი ორ კლასელთან ერთად, რომ დასარჩენი ადგილიც არ გვქონდა, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, გგონია, რომ ყველაფერი მოგვარებადია.

უნივერსიტეტის კამპუსზე დაბინავებაზე უარი მქონდა ნათქვამი, რადგან ძალიან მეძვირა და ვიფიქრე, რომ თვითონ უფრო ხელსაყრელ ფასად გავახერხებდი რამეს. კიდევ ორი სტუდენტი ავიყოლიე და, დიდი წვალებისა და ფაციფუცის შემდეგ, როგორღაც შევძელით ბინის შოვნა და ფულის გვარიანად დაზოგვა. თუმცა, ამ გადაწყვეტილების გამო, სხვა ხარჯების გაწევა მაინც მოგვიხდა. მაგალითად, თავი ვერ ავარიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯს, რადგან კამპუსისგან საკმაოდ შორს ვცხოვრობდით.

გარდა იმისა, რომ ბინა ქალაქის შემოგარენში მდებარეობდა, დაბალი ქირის კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ არაფერი დაგვხვდა - არც ტელევიზორი, არც ინტერნეტი, არც ჭურჭლის სარეცხი მანქანა, არც სარეცხი მანქანა და მხოლოდ რამდენიმე ავეჯი. კამპუსის ბინებისგან განსხვავებით, აქ ისეთი აუცილებელი რამეებიც არ იყო, როგორიც ლოგინია.

ახლა კი დროა, ვარდისფერ ფარდებზეც მოგახსენოთ. ცივი ღამეები იდგა, მაგრამ ფულს ახალ საბანზე ვერაფრით ვიმეტებდი, რადგან მას გამგზავრების შემთხვევაში ჩემოდანში ვერ ჩავტევდი. ყველაფერი, რასაც ვიყიდდი უნდა ყოფილიყო პრაქტიკული და ამასთანავე მასთან იოლად შელევა უნდა შემძლებოდა. ამიტომ საბნის ნაცვლად დავიწყე ისეთი რამის ძებნა, რომელიც გამათბობდა. მთავარი იყო, სასურველი ფუნქცია შეესრულებინა და არა ის, რა ერქმეოდა. ფილმი „ტიტანიკი“ თუ გინახავთ, გეცოდინებათ, რომ ქეით უინსლეტის გმირი არა მაშველმა ნავმა, არამედ კარმა იხსნა - მას უბრალოდ ის სჭირდებოდა, რაც არ ჩაიძირებოდა.

როდესაც ჩვენი მსყიდველობითი უნარი მაღალია, ხშირად ფულს ჩვენი სურვილების, სტილისა და სტატუსის შესაბამისად ვხარჯავთ. თუმცა, როდესაც ხელმომჭირნედ გვიწევს ცხოვრება, მთელ ყურადღებას მივმართავთ ძირითადი საჭიროებებისკენ და ეს შეიძლება კარგიც იყოს! როცა შენაძენს ფუნქციის მიხედვით ვარჩევთ, უფრო საზრიან, ეკონომიურ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხარჯვასთან და დაზოგვასთან დაკავშირებით.

4 გირვანქა სტერლინგად (დაახლოებით 4 აშშ დოლარი) უბნის მეორადი ნივთების მაღაზიიდან უთბილესი დასაფარებელი ვიყიდე: ფუმფულა, ვარდისფერი ხავერდის ფარდა. და მართალია, მისი გარეცხვა ლონდრომეტში კიდევ რამდენიმე გირვანქა სტერლინგი დამიჯდა, ჩემი შენაძენით აღტაცებული ვიყავი. იაფად გამოვედი, თავის საქმეს კარგად ასრულებდა და სუსხიანი ღამეებისგან მშვენივრად მიცავდა.

დღესაც კი, როდესაც მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მიწევს, სულ ის ფარდა მახსენდება. მან კარგი სამსახური გამიწია, რაც ალბათ არ არის გასაკვირი, რადგან ფულის დაზოგვის ჩემეული სტრატეგია კარლ მენგერის ავსტრიული სკოლის და ლუდვიგ ფონ მიზესის პრაქსეოლოგიის გამოყენების პრინციპებს შეესაბამებოდა.

მაშ, რას გვასწავლის ავსტრიული სკოლა? მისი რამდენიმე ფუნდამენტური იდეაა:

1.  საქონლის და მომსახურების ეკონომიკური ღირებულება სუბიექტურია - ჩემთვის ფარდა ღირებული იყო მისი სითბოსა და სისქის გამო და არა იმიტომ, რომ მისი ფანჯარაზე დაკიდება შემეძლო.

2.  ალტერნატიული დანახარჯი მნიშვნელოვანია - მაშინ, როცა ჩემს ბინაში კომფორტულად ცხოვრებაზე ბევრს არ ვხარჯავდი, ფულის დიდი ნაწილი მეხარჯებოდა ექსკურსიებსა და ევროპაში მოგზაურობაზე. საცხოვრებელი ხარჯების დაზოგვით, ქალაქიდან გასვლის საშუალება მქონდა.

3.  რესურსების სიმწირემ შეიძლება გააღვივოს ჩვენი შემოქმედებითი უნარი - ჩემი ბინა სრულად გაწყობილი რომ ყოფილიყო და ყველა ჩემი საჭიროება დაეკმაყოფილებინა, ორიგინალური გადაწყვეტილებების მიღება არ მომიხდებოდა.

ბაზარი მართლად საწარმოო პროცესია - ამ აზრს ბევრი ავსტრიელი ეკონომისტი იზიარებს - ხოლო ჩვენ მეწარმეები ვართ. არასდროს დაკმაყოფილდეთ აშკარა ან შეზღუდული არჩევანით. მე რომ კამპუსზე დავბინავებულიყავით, ბევრი კარგი მოგონების და ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვების შანსს გავუშვებდი ხელიდან (მაგალითად, როგორ უნდა გარეცხო ტანსაცმელი აბაზანაში ან როგორ არ უნდა დაიკარგო, როცა ტრამვაი გაფუჭდება და ფეხით გიწევს დიდი მანძილის გავლა, ან როგორ უნდა დააფასო საინტერესო საუბრები ტელევიზორის ყურების მაგივრად).

ცხადია, ყველას განსხვავებული ღირებულება აქვს, მაგრამ არასდროს ინანებთ ისეთი რამის ყიდვას, რაც თქვენს საჭიროებას აკმაყოფილებს. მომხმარებლის გადასაწყვეტია, რეალურად სჭირდება თუ არა ეს ნივთი. მომხმარებელი ნამდვილად მეფეა კაპიტალისტურ სისტემაში და ეს მიზესმა სათანადოდ განმარტა თავის 1944 წლის პუბლიკაციაში „ბიუროკრატია“:

ნამდვილი უფროსები საბაზრო ეკონომიკის კაპიტალისტურ სისტემაში მომხმარებლები არიან. ისინი ყიდვით ან ყიდვაზე უარის თქმით წყვეტენ ვინ უნდა ფლობდეს კაპიტალს და ამუშავებდეს ქარხნებს. ისინი განსაზღვრავენ, რა უნდა იწარმოოს და რა რაოდენობით და ხარისხით. მათ დამოკიდებულება მეწარმისთვის მოგებას ან ზარალს ნიშნავს. ისინი ღატაკს ამდიდრებენ, ხოლო მდიდარს აღატაკებენ.

მომხმარებლები დაუნდობლები არიან. ისინი არასოდეს იყიდიან იმის გამო, რომ ხელი შეუწყონ ნაკლებად ეფექტურ მწარმოებელს და დაიცვან ის თავისი არასწორი გადაწყვეტილებების შედეგებისგან. მათ მხოლოდ საუკეთესო მომსახურების მიღება სურთ, ხოლო კაპიტალისტური სისტემის მექანიზმი მეწარმეს აიძულებს დაემორჩილოს მომხმარებლებისგან მიღებულ ბრძანებებს.

მომხმარებლები ჭირვეული უფროსები არიან. მათ უამრავი ახირება და კაპრიზი აქვთ, ცვალებადი და არაპროგნოზირებადი. იოტისოდენადაც არ ადარდებთ ვინმეს წარსული დამსახურებები. როგორც კი უკეთეს ან უფრო იაფ შემოთავაზებას მიიღებენ, მაშინვე მიატოვებენ ძველ მომწოდებლებს. მათთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა საკუთარი კმაყოფილების გარდა. არც კაპიტალისტების მოტივაცია აღელვებთ და არც იმ მუშახელის ბედი, რომელიც სამსახურს დაკარგავს, თუ მომხმარებლები რამის ყიდვას შეწყვეტენ.

პირდაპირ გასაკვირია, რამდენად მონაწილეობს ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეკონომიკა მართლაც ყველგანაა ჩვენ გარშემო.

ეს სტატია მოწოდებულია კიმბერლი ჯოსეფსონის და კენოზიური განათლების ფონდის მიერ, შემოქმედები ნამუშევრის 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის საფუძველზე. ორიგინალის ნახვა შეგიძლიათ აქ.

სტატიის გაზიარება