რამდენი საცალო სესხი აქვთ გაცემული ქართულ ბანკებს
მესამე კვარტალის მონაცემებით საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 50 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 20.5 მილიარდამდე საცალო სეგმენტის კრედიტებზე მოდის. ამასთან, უახლესი სტატისტიკის მიხედვით, საცალო სეგმენტის სესხების 55% ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული.
რა საცალო სესხები აქვთ გაცემული კომერციულ ბანკებს:
პირველ რიგში, აუცილებელია ითქვას, რომ საქართველოში მოქმედ ბანკებს სულ გაცემული აქვთ 2,900,182 სესხი, რომელიც ათამდე სხვადასხვა პროდუქტზე ნაწილდება (იპოთეკური სესხები, სამომხმარებლო სესხები და სხვა) სესხების ღირებულებაში უდიდეს ნაწილს იპოთეკა იკავებს, რომლის საერთო მოცულობაც 10.2 მილიარდ ლარს აღემატება (სრული საცალო სეგმენტის 51%). 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, იპოთეკური სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 900 მილიონი ლარით არის გაზრდილი. სესხების დიდი ნაწილი 43% მოდის სამომხმარებლო სესხებზე და უახლესი ინფორმაციით ასეთ სესხებზე გაცემულია 8,9 მილიარდი ლარი, რაც წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 1,5 მილიარდი ლარით მეტია. ყველა ტიპის სესხზე შეწონილი საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი კი 2023 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით 14.9%-ია, ხოლო საშუალო შეწონილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი- 18.2%-ია.
საცალო ბაზრის 80%-ზე მეტი ორ უმსხვილეს ბანკს, საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკს უკავია. საქართველოს ბანკს ფიზიკურ პირებზე გაცემული აქვს 1,029,830 სესხი, ჯამში - 8.6 მილიარდი ლარით. ამ სესხების 51% მოდის იპოთეკაზე, 43% კი სამომხმარებლო სესხებზე, დანარჩენი 522 მილიონი სხვა კატეგორიების სესხებია.
"თიბისი ბანკის" მიერ გაცემული სესხების მოცულობა 7.8 მილიარდი ლარია, აქედან იპოთეკაზე 4.74 მილიარდი ლარი, ხოლო სამომხმარებლო სესხებზე კი დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარი მოდის.
ლიბერთი ბანკი გამოირჩევა პენსიის და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლების უზრუნველყოფით გაცემული კრედიტების მოცულობით. ამ ტიპის სესხების დაფარვის წყაროდ გამოიყენება ასაკობრივი პენსია ან სხვა ტიპის სოციალური დახმარება. ამ პორტფელის მოცულობა 400 მილიონ ლარს შეადგენს და საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 26%-ია, საშუალო შეწონილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი- 29.4%-ია.
სტატია მომზადებულია ეკონომიკის ოლიმპიადა 2023 გამარჯვებულის გუკა ცაგარეიშვილის მიერ.
სტატიის ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bm.ge/news/ramdeni-satsalo-seskhi-aqvt-gatsemuli-qartul-bankebs-da-ra-aris-mati-jamuri-motsuloba
The image by Matthias Zomer via Pexels