მთავარი
მთავარიმთავარიქსელიმიიღეთ წიგნი

სეის ბაზრის კანონის შინაარსი

GELi
06.05.24

სეის ბაზრის კანონი შეიქმნა 1803 წელს ფრანგი კლასიკოსი ეკონომისტის და ჟურნალისტის ჟან-ბატისტ სეის მიერ. ზოგადად, მისი თეორიები ეხება იმას, თუ როგორ ქმნის საზოგადოება სიმდიდრეს და როგორია  ეკონომიკური საქმიანობის ბუნება. 

სეის ბაზრის კანონი ამბობს, რომ წარსულში წარმოებიდან და საქონლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ხელს უწყობს მოთხოვნის წარმოქმნას აწმყოში წარმოებული საქონლის შესაძენად. იმისათვის, რომ მყიდველს ჰქონდეს ყიდვის საშუალება, ჯერ თვითონ უნდა ჰქონდეს რაიმე ნაწარმოები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის უნარი მოითხოვოს საქონელი ან მომსახურება სხვა მწარმოებლებისგან დამოკიდებულია შემოსავალზე, რომელსაც ეს ადამიანი მიიღებს მის მიერ წარსულ დროში რაიმეს წარმოების შედეგად. მაგალითად, თუ ლევანს აქვს ფანქრების წარმოება და ზურას კალმების, და ლევანს უნდა, რომ შეიძინოს კალამი, ამისთვის ჯერ ფანქარი უნდა გაყიდოს და მისგან მიღებული შემოსავალი გამოიყენოს ზურასგან კალმის შესაძენად. ანუ ლევანს არაფრის ყიდვა არ შეუძლია თუ თავადაც არ აწარმოა ფანქარი.

ამრიგად, მოთხოვნის წყარო არის წარმოება და არა თავად ფული. სეი ამტკიცებდა, რომ წარმოება არის ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის გასაღები და მთავრობის პოლიტიკამ უნდა წაახალისოს (მაგრამ, არ გააკონტროლოს) წარმოება და არა მოხმარება.

ეს კანონი ეწინააღმდეგებოდა მერკანტილისტურ შეხედულებას, რომ ფული არის სიმდიდრის წყარო. სეის კანონის თანახმად, ფული ფუნქციონირებს მხოლოდ როგორც საშუალება, რომ მოხდეს ადრე წარმოებული საქონლის ღირებულების გაცვლა ახალ საქონელზე. ახალი საქონლის მწარმოებლის მიერ მიღებული შემოსავალი კიდევ სხვა საქონელზე წარმოქნის მოთხოვნას და ა.შ. ზემოთ მოყვანილი მაგალითი რომ გავაგრძელოთ, ლევანის მიერ ზურასგან კალმის შეძენამ, ზურას საშუალება მისცა ბაქარისგან შეეძინა რვეული. ანუ ზურას მიერ წარმოებული საქონლის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა სხვა საქონელზე, ამ შემთხვევაში რვეულზე წარმოქმნა მოთხოვნა. 

სეის კანონის თანახმად, რომელიმე პროდუქტზე მოთხოვნის სიმცირე შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა საქონლის წარმოების წარუმატებლობის გამო. ზოგიერთი საქონლის წარმოების ასეთი წარუმატებლობა, მალე მოგვარებადია იმ მოგების წყალობით, რომელიც ახასიათებს დეფიციტური საქონლის წარმოებას. თუმცა, ზოგიერთი საქონლის დეფიციტი და სხვათა სიჭარბე შეიძლება გაგრძელდეს, როდესაც წარმოების პროცესი ფერხდება ბუნებრივი კატასტროფის ან  მთავრობის ჩარევით. ამიტომ, სეის კანონი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ მთავრობები არ უნდა ჩაერიონ საბაზრო პროცესებში. 

თუმცა ადამიანები არარაციონალური და ემოციური არსებები არიან. მაგალითად, როცა 1929 წელს დიდი დეპრესია დაიწყო ხალხი შეშინდა და თავიანთი შემოსავლის შენახვა დაიწყეს, რამაც გამოიწვია დეფლაციური სპირალი, ანუ ბაზარზე გაჩნდა მაღალი მიწოდება, მოთხოვნა კი გაქრა. ამას მოჰყვა ფასების დაღმავალი რეაქცია ეკონომიკურ კრიზისზე, წარმოების შემცირება, ხელფასების შემცირება, მოთხოვნის კიდევ უფრო შემცირება და კვლავ დაბალი ფასები. ამ დროს ჯონ მეინარდ კეინზიმ განმარტა, რომ მთავრობის ჩარევით მოთხოვნის გაზრდა დააბალანსებდა მოთხოვნა მიწოდებას. ამის საპირისპიროდ ეკონომისტების ნაწილი თვლის, რომ სეის ბაზრის კანონი მოქმედებს მხოლოდ მთავრობისა და ცენტრალური ბანკის ჩაურევლობის შემთხვევაში.

The image by Erik Scheel via Pexels